English / ქართული /








Journal number 2 ∘ Giorgi Shikhashvili
The Bible and the Synergistic Understanding of Self-Management

Research on current issues related to synergistic understanding of self-management is very important for modern Georgia. In particular, the theoretical-methodological and informative source for this field is essential to study the Bible. For this purpose the article discusses: the views of famous scientists, church figures and entrepreneurs on the Bible, religion and science; the underlying synergistic paradigms of self-management; Biblicalsynergistic understanding of farming and management. Managing and self-governing aspects are reflected in separate books of the Bible; a brief, schematic concept of synergy management and self-management has been developed.

Keywords: Scientists About Synergism; Synergistic Paradigms of Self-Management; The Bible’s Managerial Doctrine; Synergy Management and Self-Concept concept.

JEL Codes: M10, M11, M21

ბიბლია და თვითმენეჯმენტის სინერგიული გააზრება

თანამედროვე საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია თვითმენეჯმენტის სინერგიულ გააზრებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების კვლევა. კერძოდ, აუცილებელია ამ სფეროსათვის უმთავრესი თეორიულ-მეთოდოლოგიური და ინფორმაციული წყაროს - ბიბლიის სათანადო შესწავლა. ამ მიზნით სტატიაში განხილულია შემდეგი საკითხები: ცნობილ მეცნიერთა, ეკლესიურ მოღვაწეთა და მეწარმეთა მოსაზრებები ბიბლიის, რელიგიისა და მეცნიერების შესახებ; თვითმენეჯმენტის ფუძემდებლური სინერგიული პარადიგმები; სამურნეო-მმართველობითი და თვითმართვის ბიბლიურ-სინერგიული გააზრება; ბიბლიის წიგნებში ასახული მმართველობითი და თვითმმართველობითი ასპექტების გაშუქება; შემუშავებულია სინერგიული მართვისა და თვითმენეჯმენტის მოკლე, სქემატური კონცეფცია.

საკვანძო სიტყვები: მეცნიერები სინერგიზმის შესახებ; თვითმენეჯმენტის სინერგიული პარადიგმები; ბიბლიის მმართველობითი მოძღვრება; სინერგიული მართვისა და თვითმენეჯმენტის კონცეფცია.

მთელი სამყაროს, საარსებო გარემოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების არსის სინერგიული აღქმის საფუძველზე უნდა შეიცნოს ყოველმა ადამიანმა საკუთარი პიროვნება და მკაფიოდ გაიაზროს: თავისი წარმოშობა, დანიშნულება, მიზანი, სიცოცხლის საზრისი, პირადი და საზოგადოებრივი მოთხოვნილებები და თვითმენეჯმენტის ეთიკური საფუძველი ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის.

ნაშრომის მიზანია, საქართველში თვითმენეჯმენტის სინერგიულ გააზრებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების კვლევა. კერძოდ, ამ სფეროსათვის უმთავრესი თეორიულ-მეთოდოლოგიური და ინფორმაციული წყაროს - ბიბლიის შესაბამისი თემატიკის შესწავლის საფუძველზე სათანადო პარადიგმების გაშუქება და ავტორისეული სქემატური კონცეფციის ჩამოყალიბება.

მიწიერი მატერიალური ფასეულობების მოპოვებისათვის ზრუნვასთან დაკავშირებით ღმერთი ზეციური სასუფევლის მოპოვებისათვის ზრუნვის პირველადობის შესახებ გვასწავლის: „ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ [1, მათ. 6, 33].

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადმოგვცემს საკუთარი თავის მართვის სინერგიული საფუძვლის საღვთო პარადიგმას, რომლის თანახმად, ადამიანის „მიზანი და დანიშნულება ღმერთში ცხოვრება და ნეტარი მარადიულობის მოპოვებაა“ [2, გვ. 63].

სწორედ თეოლოგიურ და სეკულარულ მოძღვრებათა სინერგიული გააზრების საფუძველზე გვაქვს ჩამოყალიბებული თვითმენეჯმენტის ჩვენეული განმარტება: თვითმენეჯმენტი არის ადამიანის მიერ საკუთარი თავის სინერგიულ შეცნობაზე დამყარებული პირადი ფიზიკური, სულიერი და სოციალური საწყისების, რესურსების და პოტენციალის მართვა-განვითარება [3, გვ. 143].

თვითმენეჯმენტის ბიბლიური პარადიგმები

თვითმენეჯმენტის სინერგიული გააზრებისათვის უმთავრესი თეორიული და მეთოდოლოგიურ და ინფორმაციული წყარო ბიბლიაა.

გავეცნოთ მსოფლიოს გამოჩენილ მკვლევართა, რელიგიურ მოღვაწეთა და მეწარმეთა მოსაზრებებს მეცნიერებისა და რელიგიის სინერგიულობისა და ბიბლიის შესახებ [4]:

 კარლ ლინეი: “არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე, რაც არის მასში და მოაწესრიგა იგი“;

 ანდრე ამპერი: „ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე“;

 ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად შევისწავლი ბუნებას, მით მეტად მაოცებს შემოქმედის საქმეები და მოწიწება მიპყრობს. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ“;

 ანრი ბეკერელი: „სწორედ ჩემმა საქმიანობამ მიმიყვანა ღმერთთან, რწმენასთან“;

• მაქს პლანკი: „საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა საგანსაც არ უნდა დავაკვირდეთ, ვერსად ვიპოვით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ აშკარად დავინახავთ მათ შორის სრულ ჰარმონიას - რელიგიაც და მეცნიერებაც ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე“;

• ალბერტ აინშტაინი: “რაც უფრო მეტ აღმოჩენებს აკეთებს მეცნიერება ფიზიკურ სამყაროში, მით უფრო მეტად მივდივართ დასკვნებამდე, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ რწმენით” [5, გვ. 41].

• საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ll : „მეცნიერებაც და რელიგიაც ორი საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას“ [6, გვ. 4]. „ბიბლიის სიბრძნე ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულისა და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს. თქვენი ყოველდღიური თანამგზავრი უნდა გახდეს წიგნი და მათ შორის უპირველესი წიგნი - ბიბლია“ [6, გვ. 13];

• ალფ ბიერკე, ნორვეგიის ბიერკეს საღებავების კორპორაციის პრეზიდენტი: ”თანამედროვე მეცნიერებამ ვერ მოკლა ბიბლიის ფუნდამენტური ჭეშმარიტებები. მე მწამს ღმერთი, იესო ქრისტე, მე მწამს ბიბლია” [5, გვ. 41].

ვფიქრობთ, რომ თამამად შეგვიძლია ვერწმუნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოღვაწეთა მოსაზრებებს მეცნიერებისა და რელიგიის სინერგიულობისა და ბიბლიის შესახებ.

ბიბლიური მოძღვრება სინერგიული თვითმენეჯმენტის შესახებ

ბიბლიაში დიდ ადგილს იკავებს მთელი სამყაროს, სასიცოცხლო გარემოს, ეკლესიის, საზოგადოების, ეკონომიკის, ოჯახის სინერგიული მართვისა და ცალკეული პიროვნების შესაბამისი თვითმენეჯმენტის თემატიკა. წინამდებარე სტატიისათვის საინტერესო სინერგიული თვითმენეჯმენტის საკითხები გადმოცემულია ბიბლიის არაერთ წიგნში. შევჩერდებით ზოგიერთ მათგანზე.

გამოსვლა (მოსეს რჯულის მეორე წიგნი) [1, გვ. 58-95] ზოგადად, მართვისა და, კერძოდ, თვითმენეჯმენტის სინერგიული გააზრებისათვის ბიბლიიდან უმთავრესია ათი მცნება („მცნება“ - უმთავრესი კანონი, წესი, შეთახმების სიტყვები) [7; 1, გამ. 20, 2-17, გვ. 75]:

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე;

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა; არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ;

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა;

4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი. ექვს დღე იქმოდე და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა;

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა;

6. არა კაც-ჰკლა;

7. არა იმრუშო;

8. არა იპარო;

9. არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა;

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

იგავნი სოლომონისა [1. გვ. 564-586]

სოლომონ ბრძენი  - ებრაელთა  სახელმწიფოს მესამე მეფე, იყო დავით მეფე-წინასწარმეტყველისა და ბერსაბეს ვაჟი. 

დავით მეფემ თავის სიცოცხლეშივე აკურთხა სოლომონი მეფედ და სინერგიულ ანდერძად დაუბარა მართვისა და თვითმენეჯმენტის წესები: „მივდივარ მთელი ქვე­ყნის გზით, გამაგრდი და კაცი იყავი. აღუსრულე ვალი უფალს, შენს ღმერთს: იარე მის გზაზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც სწერია მოსეს რჯულში, რომ ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს მიაბრუნებ. რომ აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი სიტყვა: თუ შენი შვილები დაიცავენ ჩემს გზას და ივლიან ჩემს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით, არ დაგელევაო კაცი ისრაელის ტახტზე“ [1, 3 მეფ. 2, 2-4, გვ. 296].

მეფედ კურთხევის შემდეგ გაბაონში სოლომონს ძილში ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: „მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე“ - სოლომონმა მიუგო: „მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან; რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?“ [1, 3 მეფ. 3, 9, გვ. 298].

მოეწონა ღმერთს სოლომონის სათხოვარი და უთხრა მას: „იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალ ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი. თუ ივლი ჩემს გზაზე, დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი“[1, 3 მეფ. 3, 11-14, გვ. 298]. და ასეც აღასრულა უფალმა. ცნობილია, რომ სოლომონ მეფე იყო საკუთარი თავისა და სახელმწიფოს ბრძენი მმართველი და უმდიდრესი ადამიანი.

იგავნი სოლომონისა - ძველი აღთქმის წიგნი, ყველაზე ვრცლად წარმოადგენს ისრაელის სიბრძნეს. წიგნში თავმოყრილი გამონათქვამების უდიდესი ნაწილი, ესაა ღვთაებრივ სიბრძნეზე დამყარებული პარადიგმები, რaც ასახავს ცხოვრებისეულ ვითარებას, ადამიანის დანიშნულებასა და მიზანს, მიზნის მიღწევის გზებს, მოთხოვნილებებს, გამოცდილებას, ზნე-ჩვეულებებს, პასუხისმგებლობას, ეთიკურ ნორმებს. მთლიანობაში, ეს არის სინერგიული თვითმენეჯმენტის თეორიულ-მეთოდოლოგიური, ეთიკური და პრაქტიკული საფუძველი, რომელზეც უნდა ააგოს ყოველმა ადამიანმა საკუთარი სულიერი და ხორციელის საწყისების სინერგიული გააზრება და შესაბამისი ქმედებები. წიგნი განმსჭვალულია მშვიდი ოპტიმიზმის განწყობით, რომლითაც ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ცხოვრებაში სინერგიული წარმატების მისაღწევად საჭირო არჩევანი გააკეთოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

ქვემოთ ჩამოვთვლით იგავთა წიგნში გადმოცემულ, ღვთაებრივი საწყისის ამსახველ თვითმენეჯმენტის უმნიშვნელოვანეს პარადიგმებს:

1. უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება [1, იგავ. 2,6, გვ. 565];

2. ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ [1, იგავ. 3,1,2, გვ. 565];

3. ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს [1, იგავ. 3,5-6, გვ. 566];

4. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით. ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები [1, იგავ. 3,9-10, გვ. 566];

5. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - ხალას ოქროს. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას [1, იგავ. 3,13-15, გვ. 566];

6. აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში: ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი [1, იგავ. 6, 16-19, გვ. 568];

7. უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება. უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა ბოროტმოქმედთათვის [1, იგავ.10, 27, 29, გვ. 571];

8. შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები [1, იგავ. 16,3, გვ. 575];

9. კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს [1, იგავ. 16,9, გვ. 575];

10. ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე [1, იგავ. 17,15, გვ. 576];

11.ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია [1, იგავ. 14, 31, გვ. 574];

12. ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება [1, იგავ. 28,13, გვ. 584].

აქ კი გადმოვცემთ ადამიანური საწყისის ამსახველ თვითმენეჯმენტის უმნიშვნელოვანეს პარადიგმებს:

1. სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს [1, იგავ. 16,32, გვ. 575];

2. დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ [1, იგავ. 6, 20, გვ. 568];

3. ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო [1, იგავ. 18,22, გვ. 577];

4. ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია [1, იგავ.12, 4, გვ. 572];

5. ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება [1, იგავ. 31,10,11, გვ. 586];

6. ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში [1, იგავ.17,1, გვ. 576];

7. შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი [1, იგავ. 22,28, გვ. 580];

8. დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი [1, იგავ. 20,20, გვ. 578];

9. ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას [1, იგავ. 22,6, გვ. 579];

10.უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული, ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი [1, იგავ. 15,17, გვ. 574];

11.თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება [1, იგავ. 15,22, გვ. 574];

12. სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს [1, იგავ.10, 12, გვ. 570];

13. მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს [1, იგავ.10,32, გვ.571];

14.ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს [1, იგავ. 10, 4, გვ. 570];

15.გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა. [1, იგავ.12, 24, გვ. 572];

16. მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი [1, იგავ. 11, 1, გვ. 571];

17. არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან [1, იგავ.11, 4, გვ. 751];

18. სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და მისი სავალი უკვდავებაა [1, იგავ.12, 28, გვ. 572];

19.უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით [1, იგავ. 16,8, გვ. 575];

20.უმწიკვლოდ მავალი ღარიბი სჯობს გზაუკუღმართ მდიდარს [1, იგავ. 28,6, გვ. 584];

21. კენჭისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შორის აჩენს სამართალს [1, იგავ. 18,18, გვ. 577];

22.თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი სამარადისოდაა განმტკიცებული [1, იგავ. 29,14, გვ. 584].

უდიდესი ბიბლიური მცნებები სიყვარულისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ

სიყვარულის შესახებ ორი უდიდესი მცნებაა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება“ [1, მარკ. 12, 30,31, გვ. 1004-1005; რჯლ. 6,5, გვ. 169; ლევ. 19,18, გვ. 114].

სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მართვის ძირითადი პრინციპია: „როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი“ [1, მათ. 7,12, გვ. 964].

ქრისტიანული სამოძღვრო პრინციპები თვითმენეჯმენტის სინერგიული გააზრებისათვის [7]

მთავარი ქრისტიანული სამოძღვრო პრინციპებია:

• სამი საღვთისმეტყველო სათნოება: 1) რწმენა; 2) იმედი; 3) სიყვარული.

 შვიდი ნიჭი სულიწმიდისა: 1) შიში ღვთისა; 2) ღვთისმსახურება; 3) ძლიერება; 4) ზრახვა; 5) მეცნიერება; 6) გულისხმიერება; 7) სიბრძნე.

 ცხრა ნაყოფი სულიწმიდისა: 1) სიყვარული; 2) სიხარული; 3) მშვიდობა; 4) სულგრძელობა; 5) სიტკბოება; 6. სიკეთე; 7) რწმენა; 8) მყუდროება; 9) მოთმინება.

• შვიდი საქმე ხორციელი სიბრალულისა: 1) მშიერთა დაპურება; 2) მწყურვალთა სმევა; 3) შიშველთა შემოსვა; 4) უცხოთა შევრდომება; 5) სნეულთა მიხედვა; 6) პატიმართა მოკითხვა; 7) მიცვალებულთა დამარხვა.

• შვიდი საიდუმლო ახალი აღთქმისა: 1) ნათლისღება; 2) მირონცხება; 3) ზიარება; 4) სინანული; 5) ზეთის კურთხევა; 6) ქორწინება; 7) მღვდლობა.

 შვიდი საქმე სულიერ მოწყალებათა: 1) ცოდვილთა მოქცევა; 2) უმეცართა სწავლება; 3) დაბრკოლებულთა განმართვა; 4) მწუხარეთა ნუგეშინისცემა; 5) უსამართლობის მოთმინებით ატანა; 6) შემცოდეთა მიტევება; 7) მოყვასის საცხოვნებლად ღვთისადმი ვედრება.

 შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და წამალი მათი - შვიდი სათნოება: 1) ამპარტავნება - სიმდაბლე; 2) ანგარება - მოწყალება; 3) სიძვა - უმანკოება; 4) მრისხანება - სიმშვიდე; 5) ნაყროვანება - მარხულობა; 6) შური - სიყვარული; 7) სასოწარკვეთილება - სასოება.

ბიბლიურ-ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე მართვის/თვითმართვის სინერგიული გააზრების შესახებ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) მიიჩნევს, რომ „სულიერ ღონესთან ერთად უნდა ვლიდეს ღონე ხორციელიც“. ხორციელ ღონეს იგი „საეკონომიო მოქმედებასაც“ უწოდებს. ყოველი ადამიანის, ერის და ქვეყნის ჭეშმარიტი, ღვთივსულიერი პროგრესი და სრულყოფილი თვითმენეჯმენტი და მართვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ეს ორი ძალ-ღონე ჰარმონიულად შეერთდება და „ერთად და განუყრელად“ გვექნება. წმინდანი წერს: „მომწიფდა ჩვენში ის აზრი, რომ სულიერ ღონესთან ერთად უნდა ვლიდეს ღონე ხორციელიც, რომ სულის, ჭკუისა და გონების გაძლიერებას მხარ-და მხარ უნდა მოსდევდეს ქონებისა, ჯიბის გაძლიერებაცა, რომ ერი და ქვეყანა, რომელთაც ან ერთი აკლია, ან მეორე, ცალფეხა კაცსა ჰგავს, და, როგორც ცალ-ფეხა კაცი შორს მანძილს საჭირო სიმალით ვერ გაივლის, ისეც ერი, ქვეყანა ვერას გახდება, თუ თავის წარმატების საყევარში ეს ორი უღლადი, ყოველთ-შემძლებელი ძალ-ღონე არ ეყოლება შებმული ერთად და განუყრელად“ [8, გვ. 337].

წმინდანი გვასწავლის თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებულ პიროვნულ და ეროვნულ მართვას ახალ დროში: „ ...ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს.კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს... ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ...ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა, - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული-კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ“ [9, გვ. 12-13].

დასასრულ, დასკვნის სახით გადმოვცემთ ჩვენ მიერ შემუშავებულ მოკლე, სქემატურ კონცეფციას – თანახმად ზემოთ აღწერილი ბიბლიური სოციალურ-ეკონომიკური, მმართველობითი და თვითმმართველობითი სინერგიული მოძღვრებისა, ყოველმა ადამიანმა და ცალკეულმა ორგანიზაციამ შემდეგი მოვალეობები და საქმეები უნდა აღასრულოს, შეძლებისამებრ:

1. პატივი მიაგოს ღმერთს და სახსარი შესწიროს ეკლესიის განვითარებას;

2. დაეხმაროს სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით – გაჭირვებულებს;

3. მოიხადოს მოვალეობა სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე;

4. იზრუნოს ღმერთის ქმნილების – ბუნების დაცვა-შენარჩუნებისათვის;

5. დაიკმაყოფილოს პირადი და საოჯახო მოთხოვნილებები;

6. გამონახოს, შეინარჩუნოს და განავითაროს შემოსავლის წყარო;

7. იზრუნოს მიცვალებულთა სულების საოხად.

ეს ღვთაებრივი სინერგიული სიბრძნე უნდა დაედოს კონცეპტუალურ საფუძვლად ყოველი ადამიანის, საზოგადოებისა და ერის საქმიანობას ცხოველქმედების ყველა სფეროში, მათ შორის, უპირველესად, სამეურნეო-მმართველობით პრაქტიკასა და საკუთარი თავის მართვაში.

აღნიშნული მოვალეობები უფლისმიერად აკისრია ყველას – ცალკეულ ადამიანს, ოჯახს, სამთავრობო თუ არასამთავრობო, სამეწარმეო თუ არასამეწარმეო ორგანიზაციებს, პარლამენტს, სასამართლოს, მასმედიას, მთლიანად სახელმწიფოს, მის ლიდერებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს და თვით ეკლესიასაც.

ლიტერატურა:

1. ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. თბილისი, 1989, 1216 გვ.

2. ილია მეორის სიბრძნის კიდობანი. შემდგენელ-გამომცემელი მგელაძე ტ. თბილისი, 2016, 544 გვ.

3. შიხაშვილი გ. თვითმენეჯმენტის აქტუალური პარადიგმები: პირადი ჯანდაცვის მართვის სინერგიული გააზრება. ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2017, №4. გვ. 143.

4. მართლმადიდებლური საიტი: http://www.orthodoxy.ge/metsniereba/metsnierebi.htm

5. Мы верим. Говорят современные учёные о вере в Бога. 1988, 78 с.

6. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მეცნიერების, განათლების, კულტურისა და ხელოვნების შესახებ. შემდგენელ-გამომცემელი გ. შიხაშვილი. თბილისი, „გეოკერია”, 2004, 236 გვ.

7. ჟურნალი კარიბჭე - http://karibche.ambebi.ge/locvani/locvani/463-samodzghvro.html 8. ჭავჭავაძე ი. შინაური მიმოხილვა 1892 წლისა. თხზ., ტ. 5, თბ., 1955. გვ. 335-340. 9. ჭავჭავაძე ი. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? თხზ., ტ. 5, თბ., 1955. გვ. 10-14.­